პროექტის შესახებ

პროექტის შესახებ

პროექტი ხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მხარდაჭერით

მიზნები

ელექტრონული მონაცემთა ბაზის მიზანია, გააერთიანოს და თავი მოუყაროს საქართველოს შესახებ არსებულ აკადემიურ ნაშრომებს. პროექტის მიზანია:

  • დაინტერესებულ პირთათვის შექმნას მდიდარი ელექტრონული ბაზა, რომელიც მათ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების უკეთ გაგებაში დაეხმარება;
  • გააღვივოს ინტერესი საქართველოსა და საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების აკადემიური კვლევისადმი და განავითაროს არსებული ექსპერტიზა;
  • დამწყებ მკვლევარებს მისცეს საშუალება, გამოაქვეყნონ თავიანთი ნაშრომები, ჩაერთონ კოლეგებთან აკადემიურ დიალოგში და განავითარონ საკუთარი აკადემიური პროფილი.

რა განასხვავებს ამ პროექტს სხვებისგან?

ყველასათვის ღია აკადემიური სივრცის მიწოდებით ჩვენი ელექტრონული ბაზა უნიკალური პრეცედენტი იქნება ქართულ ინტერნეტ-სივრცეში. აკადემიურ ნაშრომებზე ფოკუსირება მას განასხვავებს იმ ვებსაიტებისგან, რომლებიც საქართველოს შესახებ მსოფლიო მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებს ქართულად თარგმნიან.

მუშაობის ძირითადი პრინციპები

ჩვენს ელექტრონულ ბაზაში არსებული ნაშრომები ორი განსხვავებული პრინციპით იქნება დახარისხებული: პუბლიკაციებისა და თემების მიხედვით.

მონაცემთა ბაზაში არსებული პუბლიკაციები იქნება საჯაროდ არსებული წყაროებიდან ინტელექტუალური საკუთრების უფლების სრული დაცვით მოპოვებული. იმ წიგნების შემთხვევაში, რომლის სრული ვერსია ჩვენ ხელთ არ გვექნება, მონაცემთა ბაზაში მხოლოდ წიგნის რეცენზია იქნება შეტანილი. აკადემიური სტატიების წყარო, შესაბამისად, ის აკადემიური, რეფერირებადი ჟურნალები იქნება, რომლებშიც საქართველოს შესახებ სტატია გამოქვეყნდება. ცალკე კატეგორია დაეთმობა კვლევითი ინსტიტუტების მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ მნიშვნელოვან მოხსენებებს, შეფასებებსა და ანგარიშებს. პირველადი წყაროები არის ისეთი ოფიციალური დოკუმენტები, რომელთაც განსაკუთრებული მნიშნელობა აქვთ. ასეთი მაგალითებია გეორგიევსკის ტრაქტატიცა (1783) და ტალიავინის მოხსენებაც (2009). აუცილებლად წასაკითხ სტატიებს ისეთი ნაშრომები განეკუთვნება, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილი გამოცემა დროგამოშვებით ბეჭდავს ხოლმე თავის ფურცლებზე. ამის მაგალითია მაგალითად ჟურნალ „ნიუ-იორკერის“ მიერ სააკაშვილის შესახებ პროფილი ან ჟურნალ „ატლანტიკში“ რობერტ კაპლანის სტატია საქართველოს გეოპოლიტიკის შესახებ.

მონაცემთა ელექტრონული ბაზა ასევე ღია იქნება სტუდენტებისთვის: ნებისმიერ სტუდენტს შეეძლება საკუთარი ესსეს, საბაკალავრო ან სამაგისტრო ნაშრომის გამოგზავნა და ეს ნაშრომები იმ შემთხვევაში გამოქვეყნდება, თუ აკადემიური ხარისხის გარკვეულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ვებგვერდი ასევე საშუალებას აძლევს აკადემიური წრეების წარმომადგენლებს – მეცნიერებს, დოქტორანტურის სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევარებსა და პრაქტიკოსებს, აწარმოონ საკუთარი ბლოგი იმ საკითხის ირგვლივ, რომელშიც კვლევითი ან სამუშაო გამოცდილება გააჩნიათ და მოკლე ზომის ესსეები გამოაქვეყნონ.

ძებნის გასაადვილებლად ბაზაში არსებული ნაშრომები არამხოლოდ პუბლიკაციის ტიპის, არამედ თემატურადაც იქნება დაყოფილი.

თითოეული პუბლიკაცია შესაძლებელია ერთზე მეტ თემატურ კატეგორიაში მოხვდეს. საბოლოო ჯამში, ბაზაში არსებული თითოეული ნაშრომის მოძებნა შესაძლებელი იქნება სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით – პუბლიკაციის ტიპი, თემატური კატეგორია, ავტორი და წელი.

პუბლიკაციებისა და თემების გარდა, ვებსაიტი მომხმარებელს ასევე შესთავაზებს სასარგებლო ბმულებს, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნება ისეთი წამყვანი საერთაშორისო მედიასაშუალებებისა და კვლევითი ინსტიტუტების ვებგვერდებზე გადასვლა, რომლებიც საქართველოს ან ჩვენი რეგიონის თემატიკაზეა კონცენტრირებული.

© 0711 Georgica. All rights reserved. XHTML / CSS Valid.
Proudly designed by Theme Junkie.