დაკარგული მოქალაქეობა

ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში უსამართლოდ მოქცეული, ძველი ქართველი სოციალ-დემოკრატები ფიქრობდნენ, რომ მრავალმხრივად (სოციალურად თუ კუთხობრივად) დაყოფილი ქვეყნის კონსოლიდაცია სოციალიზმის დახმარებით იყო შესაძლებელი. მათი კეთილშობილური ოცნება საბჭოთა კავშირმა განახორციელა, ოღონდ სრულიად საპირისპირო შედეგებით.

საქართველოში, ისევე როგორც სხვა სოციალისტურ ქვეყნებში, უნგრელი მოაზროვნის გაშპარ მიკლოშ ტამაშის თქმით, „მოდერნიზაციის ბინძური საქმე“, სახელმწიფო სოციალიზმმა შეასრულა. ამ მძიმე პერიოდს პარადოქსულად უკავშირდება ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო სოციალური მობილობა, გადასვლა სოციალური კიბის ერთი საფეხურიდან მეორეში. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ანალოგიურმა პროცესმა აშშ-ში ამერიკული ოცნების მომხიბვლელი მითი შექმნა, რწმენა იმისა, რომ „შესაძლებლობების მიწაზე“ მძიმე შრომა ზედა ფენაში აღმასვლით დასრულდება.

ჩვენთან, ყაირათიანობაზე დაფუძნებული „მწარმოებლის ეთიკა“ გამორჩათ და გარედან თავსმოხვეული მნიშვნელოვანი პროცესი თითქოს მოცემულობად აღიქვეს. ნანინანატრი მოქალაქეობის შეგრძნება უიმედოდ ჩაიკარგა დემონსტრაციულ მოხმარებაში (conspicuous consumption), პასუხისმგებლობის განცდა კი პანაშვიდზე მომსვლელი ხალხით შემოიფარგლა. საგულისხმოა, რომ ქართული მომხმარებლურობის ხატება, სუფრა, ამავე დროს ეთნიკური ნაციონალიზმის სიმბოლოა. იზოლირებულმა ადამიანებმა მარკესის გმირებივით თითქოს წარსულის აჩრდილები გამოიგონეს მარტოობის შესავსებად. სახელმწიფო ადამიანებს არ გულისხმობდა, ის მხოლოდ „ოდესმე დიდი ყოფილა“ რუკებზე არსებობდა. ყარაბაღისგან განსხვავებით, აქაური ატომიზებული ინდივიდუალების კონსოლიდირება ვერცერთმა კონფლიქტმა მოახერხა, აფხაზეთიდან კი მოგონებად კვინტესენციურად მომხმარებლური „ბიჭვინთის სანაპიროები“ დარჩა.

ქართული „კარტოგრაფიული სასოწარკვეთილება“ შესაშურად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. „დაკარგული ტერიტორიების“ ნარატივი, გეოპოლიტიკური თამაშები რუსეთთან და ევროპასთან, იშვიათი თემებია, რაც ადამიანებს აერთიანებს და ამავდროულად, რეალურ, ყოველდღიურ პრობლემებს მოხერხებულად ფარავს.

დღეისათვის, მამების თაობის ტრადიციული საქართველოს უარყოფა ახალი იდენტობის საფუძველია. ლიბერალურად განწყობილი შვილებისთვის „პრო-დასავლურობა“ სოლიდარობაში არ გამოხატულა, თავისუფლება ნეგატიურ ხასიათს და მამებისგან თავდაცვას ვერ გასცდა. საზოგადოება „ბნელია“, ამიტომ არავითარი ვალდებულების გრძნობა მისდამი არ არსებობს, „ლიბერალობა“ კი „სიბნელისგან“ დისტანცირების კომფორტული შეგრძნებაა. დიდ ცინიზმად მოჩანს ის ფაქტი, რომ კონსიუმერული ცხოვრების (მამების!) სტილით განებივრებულ ადამიანებს ნაკლებად გამართლებული სხვა თანამოქალაქეები შეიძლება მხოლოდ შუა მაისის დღეებში გაახსენდეთ. სახელმწიფო თითქოს დროებით ნავსაყუდელად იქცა, ბინძურ ჰოსტელად, საიდანაც იღბლიანები უკანმოუხედავად გარბიან.

ერთი სიტყვით, ჭეშმარიტად ქართულ სოლიფსიზმს ბოლო არ უჩანს. ამის სიმბოლური გამოხატულება „თემთა ტრაგედიაა“ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში, სადაც ტროტუარებზე სულ უფრო ნაკლები სივრცე რჩება ადამიანებისთვის.

ირაკლი გუნია

Filed in: ბლოგი, პოლიტიკა Tags: , , , , ,

You might like:

ძველით ახალი ქართული ელიტები ძველით ახალი ქართული ელიტები
ბლოგი: 17 მაისი და უცნაური მოკავშირეები ბლოგი: 17 მაისი და უცნაური მოკავშირეები
© 7881 Georgica. All rights reserved. XHTML / CSS Valid.
Proudly designed by Theme Junkie.