ადამიანების ყუთებში განაწილების მოყვარულთათვის ამერიკელი მწერალი ნორმან მეილერი უსიამოვნო შემთხვევაა. ის უპირისპირდებოდა ვიეტნამის ომსაც და ომის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებსაც. მეილერს სძულდა როგორც მასობრივი ძალადობის ჩადენა და ამერიკულ „სუპერ-სახელმწიფოში” ასახული მკვლელობისკენ მისწრაფება (sic), ასევე ამის უარმყოფი აჯანყებული ელიტა, მდიდრული ჰიპსტერული კლასი, რომელმაც ადრინდელი რადიკალი მარქსისტები შეცვალა 다운로드. ნორმან მეილერი ასეთ მეამბოხეს „თეთრ ზანგს“, „ამერიკელ ეგზისტენციალისტს“ და „ფილოსოფიურ ფსიქოპათს“ უწოდებდა, ხოლო 1960-იან წლებს „ძალადობის, ახალი ისტერიის, გაურკვევლობისა და აჯანყების ხანას… რომელმაც კონფორმულობის ხანა ჩაანაცვლა“.
ზოგადად, მეილერის ნაწერებში ამერიკულ ცხოვრებაში არსებული ძალადობის თემა ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინოა. მისი თქმით, ძალადობა მწერლებისთვის დარჩენილი ერთ-ერთი ბოლო საზღვარია 다운로드. თავად მეილერისთვის ძალადობა ეგზისტენციური მომენტია, რაც ნათლად წარმოაჩინა მის ალბათ ყველაზე ცნობილ რომანში „ღამის არმიები“ (1968). ანტი-ვიეტნამური დემონსტრაციის აღწერისას, მეილერი გადმოსცემს თავის მთავარ სათქმელს, რომ ძალადობა აჩლუნგებს აზროვნებას და ამ დროს, ხალხი აღარ უსმენს ერთი მეორეს. ამგვარი ეგზისტენციური მომენტების დროს, ძალადობა ზღუდავს და გარს ერტყმის ადამიანის სიცოცხლის ყველაზე შემოქმედებით ფორმას – აზროვნებას 다운로드. შეხედულებები რჩება გათიშული და გაყინული, ვიეტნამი კი სწორედ გაყინული აზროვნების ნიმუშია ამერიკის ისტორიაში.
17 მაისი ერთი ასეთი ეგზისტენციური მომენტია ჩვენს უახლოეს ისტორიაში. მომხდარმა აქციამ და მას მოყოლილმა ძალადობამ ბუნებრივად გამოიწვია წარმოსახვითი ბრძოლის ველის ორ მხარეს ყველაზე გარკვეული და ერთმანეთის სრულიად საპირისპირო იდეების აღზევება.
ემოციურ ფონზე, პირობითად „ლიბერალურ“ მხარეს დაწინაურდა იდეა „ქართველი ერის სიბნელის“ შესახებ, ხოლო „ქართველი ერის“ მხარეს – „ლიბერალების გაევროპელების“ შესახებ. ერთის აპოთეოზია თეოკრატიის დადგომა, მეორის კი კონსერვატორული ფასეულობების დაკარგვა. ორივე იდეა, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, მტკიცებულებასაა მოკლებული და უმთავრესად, პარანოიას ეფუძნება (ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ გარკვეულ პირობებში არ არსებობდეს შესაძლებლობა). ამ იდეებზე აგებული იდენტობები ერთმანეთის სრულ უარყოფაზეა აგებული და 17 მაისის მაგვარი ეგზისტენციური მომენტებით საზრდოობს. მათი მხრიდან ერთმანეთის შიშით განპირობებული ნაბიჯები მხოლოდ გააძლიერებს ერთი მეორეს და ეს ფაქტორი მათ ერთმანეთის უცნაურ მოკავშირეებად აქცევს.
საბოლოოდ, 17 მაისის დარი შემთხვევები ხელს უშლის ერთი მხარისთვის, მოსახლეობის უმეტესი ნაწილის და მეორე მხარისთვის, დასავლეთის გაგებას. ამით საფრთხე ექმნება, როგორც აქამდეც მძიმე დღეში მყოფ ემპათიის უნარსა და სოციალურ სოლიდარობას, ისე დემოკრატიის, ლიბერალიზმის, ადამიანის უფლებების ცნებებს.
საინტერესოა, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც მზად არიან არაადამიანურად გაუსწორდნენ თანამოქალაქეებს? თავისთავად ცხადია, რომ პრობლემა არის არა მოსახლეობის დიდი ნაწილის კონსერვატორულ შეხედულებებში (რაც სრულიად ნორმალურია ბევრი ევროპული სახელმწიფოსათვისაც), არამედ მის ერთ სეგმენტში, თანამედროვე ქართულ რადიკალურ მემარჯვენეობაში.
შეიძლება ითქვას, რომ ეს ის ხალხია, ვისაც ცხოვრებაში ყველაზე ნაკლებად გაუმართლა, გერმანელი მოაზროვნის ჰანს მაგნუს ენცენსბერგერის სიტყვებით, იზოლირებული ინდივიდუალები, რომლებიც შეიძლება ვინმეს სასიკვდილოდ გამეტებით „რადიკალური ლუზერები“ გახდნენ. მათთვის დამახასიათებელია რესენტიმენტის განცდა, როდესაც საკუთარ იმედგაცრუებაზე სხვას სდებ ბრალს. თავის სანობელო სიტყვაში, თურქი მწერალი ორჰან ფამუქი შენიშნავდა, რომ თანამედროვე მედიის საშუალებებმა, უფრო გაზარდეს „დღეს კაცობრიობის უმთავრესი შიშები – შიში დარჩე გარეთ, შიში არაფრად ჩაგთვალონ, გამოუსადეგარობის განცდა, რაც ამ შიშებს თან სდევს, კოლექტიური დამცირებები… მწუხარებები, წარმოსახული შეურაცხყოფები და ნაციონალისტური ტრაბახი და აალება, რაც მათი ახლობელია.“ საქართველოში ასეთი ადამიანისთვის მიმზიდველი ხდება ზოგიერთი ღვთისმსახურის რიტორიკა, რომელიც “მსხვერპლის ფსიქოლოგიაზე” აგებული ისტორიის პოპულარული აღქმის და ქრისტიანული მილენარიზმის ნაზავია. თავად ეკლესიას მოსახლეობის უმეტესობის ცხოვრებაში დიდი როლი არ აქვს. 2013 წლის სოციოლოგიური გამოკითხვებით, 58% რელიგიურ მსახურებას თვეში ერთხელაც არ ესწრება.
რა შეიძლება გაკეთდეს ასეთი ვითარებიდან გამოსასვლელად? კანონის უზენაესობის დაცვა და ძალადობის აღკვეთა არის ერთგვარი sine qua non, რომელზე უარისთქმაც არასოდეს შეიძლება; ღია საზოგადოება და დემოკრატიის პირობები, რომ შეხედულებები ჩაკეტილი და ამით თვით-დამღუპველი არ გახდეს; რელიგია და მით უფრო ქრისტიანობა, რომელიც კაცთმოყვარებასა და სიყვარულზეა დაფუძნებული, თავად გარიყავს ნებისმიერ ძალადობას; კეთილდღეობაზე ზრუნვა, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ თანაბარი შესაძლებლობა და განვითარების პირობები. ეს უკანასკნელი ფაქტორი აუცილებელია, მაგრამ არა გადამწყვეტი. საქართველოს მაგალითიდანვე, საბჭოთა კავშირის გვიანდელ პერიოდში არსებულ კეთილდღეობას ხელი არ შეუშლია მრავალისთვის დარჩენილიყო ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერად.
ამ ზედაპირზე არსებული პასუხების მიღმა, არსებობს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალება – აუცილებელია ინტელექტუალური სამუშაო საქართველოს ისტორიის უკეთ გასაგებად. საბჭოთა საქართველოში არსებული კულტურული ნაციონალიზმის წყალობით, დღესაც სკოლის მერხებიდანვე ხდება ისეთი ისტორიის აღქმის პოპულარიზება, რომელიც ხელს უწყობს „მსხვერპლის ფსიქოლოგიის“ ჩამოყალიბებას. ამის გარდა, საინტერესო გამოწვევად ჩანს რადიკალური მემარჯვენე ძალების პოლიტიკაში ჩართულობა. პოლიტიკურ მეცნიერებაში არსებული და პრაქტიკაში ბევრჯერ რეალიზებული მოდერაციის თეორიის მიხედვით, რადიკალური პარტიები პოლიტიკაში ჩართვით საკუთარ ხმამაღალ იდეებზე უარს ამბობენ და მეტი ამომრჩევლის მოსაზიდად ცენტრისკენ გადადიან. დაუშვებელია მათთვის პოლიტიკური სივრცის წართმევა, რადგან ამით ასეთ ძალებს და მათ მხარდამჭერებს მსხვერპლის მენტალობა განუვითარდებათ და შესაძლოა, რადიკალურ მეთოდებსაც არ მოერიდნონ.
პ.ს. ნორმან მეილერი 2007 წელს მანჰეტენზე გარდაიცვალა. თავის უკანასკნელ საჯარო გამოსვლაში მან დაგმო ერაყში შეჭრა და თქვა – „დემოკრატია მიიღწევა მხოლოდ იმ ქვეყნებით, რომლის ინდივიდუალებს შეუძლიათ არა მხოლოდ თავისუფლებით ტკბობა, არამედ მძიმე შრომაც მის შესანარჩუნებლად.“
ირაკლი გუნია